მეღვინეობის ლაბორატორია

საოჯახო მარანი · პრაქტიკული გზამკვლევი

ჭურჭელი

რა ჭურჭელში ადუღო და შეინახო ღვინო: ქვევრი, მინა, პლასტმასა, უჟანგავი ფოლადი, ემალი, მუხა. რამდენი და რა ზომის ჭურჭელი გჭირდება, როგორ ჩაეტიოს ღვინო შენს ჭურჭელში ისე, რომ ცარიელი სივრცე არ დარჩეს, და რამდენ ჟანგბადს იღებს ღვინო ცარიელი სივრციდან და კედლებიდან.

მოსავალი და ჭურჭელი

დუღილისთვის ჭურჭელი 75–80%-მდე ივსება (ქაფი და ჭაჭის ქუდი). შესანახი ჭურჭელი კი ყოველთვის ყელამდე უნდა იყოს სავსე — ამიტომ გამოთვლა ეძებს ჭურჭლის ისეთ კომბინაციას, რომელიც ღვინით მთლიანად ივსება, დარჩენილი ღვინო კი ბოთლებში ან შესავსებ ჭურჭელში გადადის. გადაღებებზე დანაკარგი ≈ 3% თითოეულზე.

დუღილის ტევადობა—ლიტრი
ღვინო გადაღების შემდეგ—ლიტრი
სავსე ჭურჭელი—
დარჩენილი ღვინო—ლიტრი

ჭურჭელი და ღვინო

1 ლიტრი ჰაერი 20 °C-ზე ≈ 280 მგ ჟანგბადს შეიცავს. კედლებში გავლა გამოთვლილია ზედაპირის ფართობით (ცილინდრი, სიმაღლე = 1.5 დიამეტრი) და მასალის ტიპური გამტარობით: HDPE/PP ≈ 9, მუხა ≈ 7.5, PET ≈ 1.2, ქვევრი (ცვილით, მიწაში) ≈ 1 მგ/მ²·დღე — ეს მიახლოებითი, საილუსტრაციო რიცხვებია. 1 მგ ჟანგბადი ≈ 4 მგ SO₂-ს „ხარჯავს".

ცარიელი სივრცე—
ჟანგბადი ცარიელი სივრციდან—მგ/ლ
ჟანგბადი კედლებიდან—მგ/ლ
SO₂-ის ხარჯი—მგ/ლ

ჭურჭლის ორი ამოცანა

ღვინის ჭურჭელს ორი სხვადასხვა ამოცანა აქვს. დუღილისას ის ტკბილს და ჭაჭას იტევს: აქ საჭიროა ადგილი ქაფისა და ჭაჭის ქუდისთვის, ფართო ყელი ქუდის ჩასაძირად, და ტემპერატურის კონტროლი. დუღილისას გამოყოფილი CO₂ ღვინოს ჰაერისგან თავისით იცავს.

დუღილის შემდეგ ჭურჭელი ღვინოს ჟანგბადისგან უნდა იცავდეს. CO₂ აღარ გამოიყოფა, და ღვინოს ჟანგბადი ორი გზით ემატება: ჭურჭელში დარჩენილი ჰაერიდან (ცარიელი სივრციდან) და ჭურჭლის კედლებისა და საცობის გავლით. ამიტომ შესანახი ჭურჭელი ყოველთვის ყელამდე უნდა იყოს სავსე, მისი მასალა კი — ჟანგბადისთვის რაც შეიძლება ნაკლებად გამტარი.

ცარიელი სივრცე — მთავარი საფრთხე

ჰაერის 21% ჟანგბადია. 20 °C-ზე 1 ლიტრი ჰაერი ≈ 280 მგ ჟანგბადს შეიცავს. თუ 60-ლიტრიან ბალონში 54 ლიტრი ღვინოა, 6 ლიტრ ჰაერში ≈ 1680 მგ ჟანგბადია — 54 ლიტრ ღვინოზე ≈ 31 მგ/ლ:

$$O_2 = \frac{V_{\text{ჰაერი}} \cdot 280}{V_{\text{ღვინო}}}\ \ \text{მგ/ლ}$$

ღვინო ამ ჟანგბადს რამდენიმე დღე-კვირაში შთანთქავს. თეთრ ღვინოს დაჟანგვის ნიშნები (ფერის მუქება, ვაშლის, თხილის, „შერის" სუნი) უკვე 10–20 მგ/ლ ჟანგბადის შემდეგ ეტყობა; წითელი და კახური ღვინო, რომლებსაც ბევრი ფენოლი აქვს, მეტს უძლებს, მაგრამ არც მათთვისაა უვნებელი. ყოველი 1 მგ ჟანგბადი დაახლოებით 4 მგ SO₂-ს ხარჯავს — ამიტომ ჰაერიან ჭურჭელში SO₂ სწრაფად „ქრება" და ღვინო დაუცველი რჩება.

კედლების გავლით

მინა, უჟანგავი ფოლადი და მთელი ემალი ჟანგბადს პრაქტიკულად არ ატარებს. პლასტმასა და ხე ატარებს — ჟანგბადი ნელა დიფუნდირებს კედელში:

$$\frac{dO_2}{dt} = \frac{P \cdot A}{V}$$

სადაც $P$ მასალის გამტარობაა (მგ ჟანგბადი ერთ კვადრატულ მეტრზე დღეში), $A$ — ჭურჭლის ზედაპირი, $V$ — ღვინის მოცულობა. რადგან ზედაპირი მოცულობაზე ნელა იზრდება ($A \propto V^{2/3}$), პატარა ჭურჭელში ღვინო ერთ ლიტრზე მეტ ჟანგბადს იღებს, ვიდრე დიდში. სწორედ ამიტომ პატარა მუხის კასრი ღვინოს ძალიან სწრაფად ცვლის.

მასალატიპური გამტარობა, მგ/მ²·დღე60-ლიტრიან ჭურჭელში, მგ/ლ წელიწადში
მინა, უჟანგავი ფოლადი, ემალი≈ 0≈ 0
ქვევრი (ცვილით, მიწაში)≈ 1 (შეფასება)≈ 5
PET (წყლის ბუტილი)≈ 1.2≈ 6
მუხის კასრი≈ 7.5≈ 40 (225-ლიტრიანში ≈ 25)
HDPE / PP (2 მმ კედელი)≈ 9≈ 47

ეს რიცხვები მიახლოებითია: პლასტმასის გამტარობა კედლის სისქეზე და მარკაზეა დამოკიდებული, მუხისა — ხის ხარისხზე, ტენიანობასა და კასრის ასაკზე, ქვევრისა — თიხაზე, ცვილის ფენასა და ნიადაგზე. ქვევრის რიცხვი შეფასებაა: მიწაში ჩაფლული, ცვილით დაფარული ქვევრის ჟანგბადგამტარობა თითქმის არ არის გაზომილი.

ზომის შერჩევა

დუღილის ჭურჭელი 20–25%-ით დიდი უნდა იყოს ტკბილის მოცულობაზე. ჭაჭაზე დუღილისას მოცულობაში ჭაჭაც შედის: დაჭყლეტილი ყურძენი ≈ 0.93 ლიტრს იკავებს ყოველ კილოგრამზე. წვენზე დუღილისას (თეთრი, ევროპული) სახლის წნეხით ≈ 0.62 ლიტრი წვენი გამოდის კილოგრამზე.

შესანახი ჭურჭლისთვის მთავარია, რომ ღვინომ ყველა ჭურჭელი მთლიანად შეავსოს. ერთი დიდი ჭურჭლის ნაცვლად რამდენიმე სხვადასხვა ზომისა ჯობს: გადაღებისას ღვინო ცოტა იკლებს, და ერთი ჭურჭლით ნაკლები შეიძლება გამოიყენო. ერთი ცარიელი ჭურჭელი ყოველთვის საჭიროა გადაღებისთვის, მცირე ჭურჭელი ან ბოთლები კი — შესავსები ღვინისთვის.

როგორ გამოვიყენოთ ეს გვერდი

1. „ჭურჭლის გეგმის" რეჟიმში შეიყვანე ყურძნის რაოდენობა და სტილი. გამოჩნდება, რა ტევადობის ჭურჭელი გჭირდება დუღილისთვის და რამდენი ღვინო დაგრჩება ორი გადაღების შემდეგ.

2. აირჩიე, ყიდულობ თუ არა ახალ ბალონებს („სტანდარტული ზომები": 5, 10, 15, 20, 25, 34, 54 ლიტრი) თუ გაქვს საკუთარი ჭურჭელი. თუ გაქვს, ჩამოწერე მოცულობები მძიმით, მაგ. „54, 34, 20, 10, 5". გამოთვლა იპოვის კომბინაციას, რომელიც ღვინით მთლიანად ივსება, და გეტყვის, რამდენი ღვინო დარჩება ბოთლებისთვის ან შესავსებად.

3. „ჟანგბადისა და ცარიელი სივრცის" რეჟიმში აირჩიე მასალა, ჭურჭლის მოცულობა, მასში ჩასხმული ღვინის რაოდენობა და შენახვის დრო. ნახავ, რამდენ ჟანგბადს მიიღებს ღვინო ცარიელი სივრციდან და კედლებიდან, და რამდენ SO₂-ს დახარჯავს. გრაფიკზე სხვა მასალებიც ჩანს შესადარებლად.

4. „მასალების შედარება" აჩვენებს თითოეული მასალის თვისებებს, უპირატესობებს, ნაკლოვანებებს და მოვლის წესებს.

პრაქტიკული რჩევები

• დუღილისთვის ჭაჭაზე — ფართოყელიანი ჭურჭელი: ქვევრი, საკვები პლასტმასის კასრი, ემალირებული ავზი, ფოლადის ავზი. მინის ბალონი მხოლოდ წვენზე დუღილისთვის.

• შენახვისთვის — მინა, უჟანგავი ფოლადი ან ქვევრი. პლასტმასაში ღვინო რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს ნუ შეინახე.

• ჭურჭელი ყოველთვის ყელამდე შეავსე. თუ ღვინო არ ჰყოფნის, ჩაასხი მცირე ჭურჭელში ან ბოთლებში — ნუ დატოვებ ნახევრად სავსე ბალონს.

• შესავსებად შეინახე იგივე ღვინის 3–5% ბოთლებში. თუ არ გაქვს, შეავსე მსგავსი, ჯანსაღი ღვინით — არასოდეს წყლით.

• მინის ჭურჭელი ბნელში შეინახე ან ქსოვილით დაფარე: სინათლე ღვინოში უსიამოვნო გოგირდოვან სუნს („სინათლის გემოს") წარმოქმნის.

• მცირე მუხის კასრი (10–50 ლიტრი) ღვინოს ძალიან სწრაფად ცვლის — დააგემოვნე ყოველ კვირას და გადაიღე, როცა ხის არომატი საკმარისია.

• ემალირებული ჭურჭელი გამოიყენე მხოლოდ მაშინ, როცა ემალი მთელია — ნატეხი ან ჟანგი ღვინოს რკინით აბინძურებს.

1. 60-ლიტრიან ბალონში 54 ლიტრი ღვინოა. რამდენ ჟანგბადს მიიღებს ღვინო მხოლოდ ცარიელი სივრციდან?

6 ლიტრი ჰაერი × 280 მგ/ლ ≈ 1680 მგ ჟანგბადი; 54 ლიტრ ღვინოზე ეს ≈ 31 მგ/ლ-ია — თეთრი ღვინის დასაჟანგად სრულიად საკმარისი. ამიტომ შესანახი ჭურჭელი ყოველთვის ყელამდე უნდა იყოს სავსე.

2. რატომ არ გამოდგება საკვების HDPE პლასტმასის კასრი ღვინის რამდენიმე თვით შესანახად?

HDPE და PP ჟანგბადს ატარებს. 60-ლიტრიან კასრში ეს წელიწადში ათეულობით მგ/ლ-ია — ისევე, როგორც მუხის კასრში, მაგრამ მუხისგან განსხვავებით, ღვინოს არაფერს სძენს. დუღილისთვის HDPE კარგია — მაშინ CO₂ ღვინოს იცავს.

3. რას ნიშნავს ემალირებულ ქვაბზე ჟანგის ლაქა ან ემალის ნატეხი?

ღვინის pH 3–4-ია: ის რკინას აქტიურად ხსნის. 10 მგ/ლ-ზე მეტი რკინა ჰაერთან კონტაქტისას ღვინოს ამღვრევს და აშავებს.

4. ღვინის რაოდენობა ყველა ბალონს ზუსტად ვერ ავსებს. რა ჯობია?

ნახევრად სავსე ბალონში ჰაერის ჟანგბადი ღვინოს სწრაფად ჟანგავს. დარჩენილი ღვინო ბოთლებში შეინახე — ის შესავსებადაც გამოგადგება.