თავი VI · თანამედროვე ტექნოლოგია და დავარგება
წითელი ღვინის ფერი და ტანინი კანიდან და წიპწიდან მოდის, და მათი ექსტრაქცია ტემპერატურით, დროით, ალკოჰოლით და ჭაჭის მორევით იმართება. კლასიკურ მაცერაციასთან ერთად თანამედროვე მეღვინეობა ცივ მაცერაციას, ჩამოშვებას (délestage), ხანგრძლივ მაცერაციას, თერმოვინიფიკაციას, flash détente-ს და ნახშირორჟანგულ მაცერაციას იყენებს.
იგივე ექსტრაქციის მოდელი, რაც „ფენოლების" გვერდზე (საილუსტრაციო, Q10 = 2). პარამეტრები: ცივი მაცერაცია — 5 დღე 8 °C-ზე; ჩამოშვება — ექსტრაქციის სიჩქარე ×1.4; ხანგრძლივი — დუღილის შემდეგ კიდევ 20 დღე; თერმოვინიფიკაცია — 70 °C 1 საათი, შემდეგ წნეხვა და თხევადი დუღილი 20 °C-ზე; flash détente — 90 °C ≈ 15 წთ და ვაკუუმი (უჯრედები სკდება, სიჩქარე ×10); ნახშირორჟანგული — მთელი მარცვალი CO₂-ში 8 დღე 30 °C-ზე, შემდეგ წნეხვა. თერმოვინიფიკაციასა და flash-ზე „დღეების" ველი არ მოქმედებს.
ყველა ტექნიკა ერთი და იმავე ყურძნით და დუღილის ტემპერატურით. ანთოციანები — ფერის წყარო, ტანინი — სტრუქტურა და სიმწკლარტე. წიპწის ტანინი ალკოჰოლის დაგროვებასთან ერთად იხსნება და უფრო უხეშია, ამიტომ მისი წილი მნიშვნელოვანია. თერმული მეთოდები დიდ ფერს და რბილ, კანის ტანინს იძლევა, ხანგრძლივი მაცერაცია — ბევრ ტანინს და ნაკლებ, მაგრამ სტაბილურ ფერს.
ქუდის მორევა კანსა და სითხეს შორის კონცენტრაციის გრადიენტს ინარჩუნებს, ქუდს აგრილებს და გამოშრობისა და ძმრის ბაქტერიების განვითარებისგან იცავს. ეფექტი გაჯერებით იზრდება: დღეში 1–2 ავზის მოცულობაზე მეტი გადატუმბვა ექსტრაქციას ცოტას მატებს (მოდელი: ფაქტორი = 1 + 0.6·(1 − e^(−V/V₁)), V₁ = 1 ავზი დღეში). ღია გადატუმბვა ღვინოს ≈ 1–3 მგ/ლ ჟანგბადს აძლევს — დუღილის დასაწყისში საფუვრისთვის სასარგებლოა, ბოლოს — არა. ჩამოშვებისას მთელი სითხე ჩაიშვება და ქუდი ჭაჭის ნამცხვრად დაჯდება, შემდეგ კი სითხე ზემოდან ერთბაშად ბრუნდება.
მაცერაცია (ჭაჭაზე დაყოვნება) ყურძნის მყარი ნაწილებიდან — კანიდან, წიპწიდან და კლერტიდან — ნივთიერებების ღვინოში გადასვლაა. წითელი ღვინის ფერი მთლიანად კანის ანთოციანებიდან მოდის, ტანინი კი კანიდან და წიპწიდან. ექსტრაქციის სიჩქარე და შედეგი ოთხ ფაქტორზეა დამოკიდებული:
1. ტემპერატურა — ყოველი 10 °C სიჩქარეს დაახლოებით აორმაგებს ($Q_{10} \approx 2$), მაღალ ტემპერატურაზე კი კანის უჯრედების მემბრანები ირღვევა.
2. დრო — ანთოციანები პირველ 4–6 დღეში გამოდის, ტანინი ბევრად უფრო ნელა და დიდხანს.
3. ალკოჰოლი — წიპწის ტანინი, რომელიც ცვილისებრი გარსითაა დაფარული, ალკოჰოლის დაგროვებასთან ერთად იხსნება.
4. მორევა — ჭაჭის ქუდის ჩაძირვა ან გადატუმბვა კანსა და სითხეს შორის კონცენტრაციის გრადიენტს ინარჩუნებს.
ანთოციანების კონცენტრაცია მაქსიმუმს 5–8 დღეში აღწევს და შემდეგ იკლებს: ანთოციანები ტანინებთან პოლიმერულ პიგმენტებს ქმნის, კანს და საფუარის ნალექს ეკვრის, ნაწილი კი იშლება. ტანინი კი დიდხანს იზრდება. ამიტომ მაცერაციის ხანგრძლივობა ფერისა და სტრუქტურის ბალანსის საკითხია.
| ტექნიკა | რა ხდება | შედეგი |
|---|---|---|
| კლასიკური | დუღილი ჭაჭაზე 25–30 °C-ზე, 7–14 დღე, ქუდის მორევით | საბაზისო ფერი და ტანინი |
| ცივი მაცერაცია | 3–7 დღე 5–10 °C-ზე დუღილამდე, შემდეგ კლასიკური | ზომიერად მეტი ფერი და ხილის არომატი |
| ჩამოშვება (délestage) | სითხე მთლიანად ჩაიშვება, ქუდი ჯდება, სითხე ერთბაშად ბრუნდება | ინტენსიური ექსტრაქცია, აერაცია, წიპწის ნაწილის მოცილება |
| ხანგრძლივი | დუღილის შემდეგ ღვინო ჭაჭაზე კიდევ 2–6 კვირა რჩება | მეტი, უფრო პოლიმერული ტანინი, ნაკლები ანთოციანი |
| თერმოვინიფიკაცია | ჭაჭა 60–75 °C-მდე ცხელდება 0.5–2 სთ, შემდეგ იწნეხება | ბევრი ფერი, რბილი ტანინი, ხილის სტილი |
| flash détente | 85–95 °C სწრაფად, შემდეგ ვაკუუმი — უჯრედები სკდება | ძალიან ბევრი ფერი და კანის ტანინი, სწრაფი წარმოება |
| ნახშირორჟანგული | მთელი მარცვალი CO₂-ის ატმოსფეროში 5–15 დღე | უჯრედშიდა დუღილი, ბანანისა და კენკრის არომატი, რბილი ღვინო |
ქართული ტრადიციული წესი — ჭაჭაზე დუღილი და დაყოვნება ქვევრში — ფაქტობრივად ხანგრძლივი მაცერაციის ფორმაა, რომელიც თეთრ ყურძენზეც გამოიყენება (იხ. V თავის „კახური წესი").
კალკულატორი იგივე კინეტიკურ მოდელს იყენებს, რაც „ფენოლების" გვერდი. თითოეული წყაროსთვის
$$\frac{dE}{dt} = k\,Q_{10}^{(T-25)/10}\,f\,(E_{max} - E) - k_{loss}E,$$
სადაც $f$ მორევის ან უჯრედების დარღვევის ფაქტორია. ანთოციანების ექსტრაქციის სიჩქარე დიდია, ტანინის — მცირე, წიპწის ტანინის სიჩქარე კი დუღილის პროგრესთან ერთად იზრდება: $k_{seed} = k_0 + k_1\,\varepsilon^{1.5}$, სადაც $\varepsilon$ დუღილის ხარისხია. ტექნიკა ამ განტოლებისთვის ტემპერატურის, დროისა და $f$-ის თანმიმდევრობაა. მაგალითად, თერმოვინიფიკაცია ერთი საათია 70 °C-ზე, დიდი $f$-ით, რის შემდეგაც ჭაჭა ცილდება — ამიტომ ფერი ბევრია, წიპწის ტანინი კი ცოტა.
დუღილისას CO₂ ჭაჭას ზედაპირზე სწევს და მკვრივ ქუდს ქმნის. თუ ქუდს არ ურევენ, ის შრება, თბება (იხ. V თავის „დუღილი ქვევრში") და ძმრის ბაქტერიების ბუდე ხდება, ხოლო ქუდის ქვეშ მყოფი სითხე კანთან კონტაქტს კარგავს.
• ჩაძირვა (pigeage) — ქუდი ხელით ან პნევმატური დგუშით ჩაიძირება. ნაზი და ეფექტური, მცირე ავზებისა და ქვევრისთვის.
• გადატუმბვა (remontage) — სითხე ავზის ქვემოდან ქუდზე ტუმბოთი ისხმება. ღია გადატუმბვა ღვინოს ჟანგბადს აძლევს, რაც დუღილის დასაწყისში საფუვრისთვის სასარგებლოა.
• ჩამოშვება (délestage) — სითხე მთლიანად ჩაიშვება სხვა ავზში, ქუდი ჭაჭის ნამცხვრად ჯდება, რამდენიმე საათის შემდეგ სითხე ზემოდან ერთბაშად ბრუნდება. ჩაშვებისას შეიძლება წიპწის ნაწილის მოცილებაც.
მორევის ეფექტი გაჯერებით იზრდება. დღეში 1–2 ავზის მოცულობის გადატუმბვა ექსტრაქციას მნიშვნელოვნად ზრდის, მეტი კი ცოტას მატებს და ღვინოს უხეშ ტანინს, ნალექს და ზედმეტ ჟანგბადს აძლევს.
P. Ribéreau-Gayon et al., „Handbook of Enology", ტ. 1 (წითელი ღვინის დაყენება, თერმოვინიფიკაცია, ნახშირორჟანგული მაცერაცია); K. Sacchi, L. Bisson, D. Adams, „A review of the effect of winemaking techniques on phenolic extraction in red wines", American Journal of Enology and Viticulture 56 (2005); R. Boulton et al., „Principles and Practices of Winemaking". მოდელის რიცხვები საილუსტრაციოა და ჯიშის, სიმწიფისა და ჭურჭლის მიხედვით იცვლება.
1. „ტექნიკა დროში" რეჟიმში აირჩიე ტექნიკა, დუღილის ტემპერატურა და ჭაჭაზე დაყოვნების დღეები. გრაფიკი აჩვენებს ანთოციანებისა და ტანინის ცვლილებას დროში, წყვეტილი ხაზით კი — კლასიკურ მაცერაციას იმავე პირობებში. ბარათები აჩვენებს საბოლოო ფერს, ტანინს, წიპწის ტანინის წილს და ჭაჭასთან კონტაქტის ხანგრძლივობას.
2. „ყველა ტექნიკის შედარების" რეჟიმში დააყენე დუღილის ტემპერატურა და დღეები. სვეტები აჩვენებს კანისა და წიპწის ტანინს, რომბები — ანთოციანებს. ბარათები გეტყვის, რომელი ტექნიკა იძლევა ყველაზე დიდ ფერს, ყველაზე მეტ და ყველაზე რბილ ტანინს.
3. „ჭაჭის ქუდის მართვის" რეჟიმში შეიყვანე ავზის მოცულობა, ტუმბოს წარმადობა, წესი და მორევის სიხშირე. ნახავ ტუმბოს მუშაობის დროს, გადატუმბულ მოცულობას, ექსტრაქციის ფაქტორს და ჟანგბადს.
• მსუბუქი, ხილოვანი წითელი ღვინისთვის — მოკლე მაცერაცია, ზომიერი ტემპერატურა (22–25 °C), ან ნახშირორჟანგული მაცერაცია.
• სტრუქტურული, დასავარგებელი ღვინისთვის — 28–30 °C დუღილის პიკზე და ხანგრძლივი მაცერაცია, ტანინის დეგუსტაციით ყოველდღე.
• მწიფე წიპწის გარეშე (მწვანე, მწარე წიპწა) ხანგრძლივი მაცერაცია ნუ გააკეთე. ჩამოშვებისას წიპწის ნაწილი შეიძლება მოაცილო.
• ღია გადატუმბვა დუღილის პირველ ნახევარში გააკეთე, ბოლოსკენ კი ჩაძირვაზე ან დახურულ გადატუმბვაზე გადადი.
• თერმოვინიფიკაცია და flash détente სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს და ძირითადად დიდ წარმოებაში გამოიყენება.
მოდელის რიცხვები საილუსტრაციოა. საუკეთესო საზომი დეგუსტაციაა: ყოველდღე გასინჯე და დაწნეხე, როცა ტანინი სასურველ დონეს მიაღწევს.
1. რატომ იძლევა თერმოვინიფიკაცია ბევრ ფერს და შედარებით ცოტა ტანინს?
ანთოციანები წყალში კარგად იხსნება და სიცხით დარღვეული კანიდან სწრაფად გამოდის. წიპწის ტანინის ექსტრაქციას ალკოჰოლი და დრო სჭირდება, თერმოვინიფიკაციისას კი ჭაჭა დუღილამდე იწნეხება.
2. რას იძლევა ცივი მაცერაცია (cold soak)?
დაბალ ტემპერატურაზე, დუღილის დაწყებამდე, ექსტრაქცია ნელია და მხოლოდ წყალში ხსნადი ნაერთები გამოდის. ეფექტი ზომიერია და ძირითადად ფერსა და ხილის არომატზე აისახება.
3. რატომ არ არის სასარგებლო ქუდის ძალიან ხშირი გადატუმბვა?
მორევის მიზანი კანსა და სითხეს შორის გრადიენტის შენარჩუნებაა. როცა სითხე კარგად ირევა, დამატებითი მორევა ექსტრაქციას თითქმის არ ზრდის, მექანიკური დატვირთვა კი კანს და წიპწას აზიანებს.